კალათბურთელ თორნიკე შენგელიას მამა, კახა შენგელია მისი შვილის მიერ რუსულ ცსკა-ში გადასვლას ეხმაურება და ამბობს, რომ ამ ფაქტის განხილვა პოლიტიკურ ჭრილში არ უნდა მოხდეს.
იგი მიიჩნევს, რომ 3-წლიანი კონტრაქტის გაფორმება სასიხარულო და მოსალოცი ამბავია.
"ერთი წამით ჩამოვაშოროთ პოლიტიკა ყველაფერ ამას და მივხვდებით, რომ მხოლოდ და მხოლოდ სპორტული თვალსაზრისით თუ შევხედავთ, მოსალოცი ამბავია და მეტი არაფერი, უნდა გაგვიხარდეს. ძნელია ჩამოშორება იმიტომ, რომ იმდენად პოლიტიზებულ სამყაროში გვიწევს ცხოვრება, რომ დღესდღეობით ჩამოშორება ძნელია იმიტომ, რომ ყველაფერი პოლიტიკაა, რა თქმა უნდა. მე პრეზიდენტის განცხადებაზე ვერანაირ განცხადებას ვერ გავაკეთებ. სამწუხაროა, თუ მასე ფიქრობს და, რა ვიცი, ალბათ, კომპენსირებას გავაკეთებთ იმით, როცა მოვიგებთ ევროლიგას და ქართულ დროშას ავაფრიალებთ მოსკოვში. ეს არის ჩემი კომენტარი ქალბატონ სალომეს", - განაცხადა შენგელიამ "მთავარ არხთან" საუბარში.
ცოტა ხნის წინ შენგელიას გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მოსკოვის გუნდში გადასვლა მისთვის მიუღებელია.
შეგახსენებთ, თორნიკე შენგელიამ ესპანური "ბასკონია" 6 წლის შემდეგ დატოვა და რუსულ "ცსკა"-ში გადავიდა. ეს ფაქტი თავად ესპანურმა კლუბმა სოციალურ ქსელში დაადასტურა და ქართველ კალათბურთელს "ბასკონიაში" გატარებული დროისთვის მადლობა გადაუხადა. ინფორმაცია მოსკოვური კლუბის ოფიციალურმა twitter გვერდმაც დაადასტურა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი რუსული არმიის კლუბში მომავალი 3 წლის განმავლობაში ითამაშებს.